
სოკარის ორმხრივი პროგრამის წარმომადგენლები საქართველოს ეწვივნენ
22–23 ივლისს სოკარ ენერჯი ჯორჯიამ სოკარის ურთიერთსარგებლობის პროგრამის წარმომადგენლებს უმასპინძლა. დელეგაციას სოკარ თურქეთის კორპორაციული სტრატეგიის ჯგუფის კოორდინატორი სალიჰ შაჰინი ხელმძღვანელობდა. ორდღიანი პროგრამის მიზანი სოკარის ჯგუფში თანამშრომლობის გაძლიერება და ღირებულების შექმნის ახალი შესაძლებლობების გამოვლენა იყო. ვიზიტს კოორდინაციას უწევდა სოკარ ენერჯი ჯორჯიას ფინანსური დირექტორი ფუად აჰმადოვი, რომელიც აღნიშნულ პროგრამას საქართველოში წარმოადგენს.
ურთიერთსარგებლობის პროგრამა სოკარის სტრატეგიული პრიორიტეტების შესაბამისად შეიქმნა და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საოპერაციო სრულყოფას, კომერციულ სინერგიასა და მდგრად განვითარებას. ინიციატივა თავდაპირველად სოკარ თურქეთში ამოქმედდა, მოგვიანებით კი საერთაშორისო მასშტაბით გაფართოვდა. დღეს პროგრამა ხელს უწყობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედ სოკარის კომპანიებსა და მათ დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.
პროგრამა სოკარის ეკოსისტემისადმი ერთიან, კომპლექსურ მიდგომას ეფუძნება და ერთმანეთთან აკავშირებს სოკარის ყველა საოპერაციო მიმართულებას, ჯგუფის კომპანიებს, მომწოდებლებსა და მომხმარებლებს. მისი მიზანია ეკოსისტემის მასშტაბით თანამშრომლობის გაღრმავება, მდგრადი კომერციული შესაძლებლობების შექმნა, პროდუქტებისა და მომსახურებების შესაბამის პარტნიორებთან დაკავშირება და არსებული რესურსების უფრო ეფექტიანად გამოყენება. თანამშრომლობისა და ცოდნის გაზიარების წახალისებით, პროგრამა ხელს უწყობს სოკარის მთელ ჯგუფში გრძელვადიანი ღირებულების შექმნას.
ურთიერთსარგებლობის პროგრამამ უკვე შექმნა მნიშვნელოვანი კომერციული ღირებულება, გაზარდა შემოსავლები, მოახდინა ხარჯების ოპტიმიზაცია და გააუმჯობესა თანამშრომლობა საოპერაციო მიმართულებებს შორის. ინიციატივების მნიშვნელოვანი ნაწილი სოკარის თურქეთისა და აზერბაიჯანის კომპანიებში განხორციელდა, თუმცა სხვა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, ჩართულობაც თანდათან იზრდება.
საქართველოში ვიზიტი ურთიერთსარგებლობის პროგრამის პრეზენტაციით დაიწყო, რომელსაც ქვეყანაში მოქმედი სოკარის ჯგუფის კომპანიების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სოკარ ჯორჯია გაზის დირექტორი მარიამ ვალიშვილი, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის დირექტორი ნოდარ ყანჩაველი და საქართველოში სოკარის სხვა უმაღლესი რგოლის ხელმძღვანელები. სესიის ფარგლებში ადგილობრივი კომპანიების მენეჯმენტის წარმომადგენლებმა თავიანთი საქმიანობა და განვითარების შესაძლებლობებიც წარადგინეს. შეხვედრამ გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებების გამოვლენისთვის ღია პლატფორმა შექმნა.
ვიზიტის მეორე დღეს დელეგაციამ ინტერაქტიული სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელშიც საქართველოში მოქმედი სოკარის ჯგუფის კომპანიების დაახლოებით 30 ხელმძღვანელი მონაწილეობდა. მონაწილეებმა ერთობლივად იმუშავეს ახალი ურთიერთსარგებლობის ინიციატივების შემუშავებაზე. ამ ინიციატივებს ღირებულების შექმნის პოტენციალი აქვს არა მხოლოდ სოკარის კომპანიებისთვის მსოფლიოს მასშტაბით, არამედ მომწოდებლების, მომხმარებლებისა და სოკარის ფართო ეკოსისტემის სხვა დაინტერესებული მხარეებისთვისაც.
საქართველოში განხორციელებული ვიზიტი ურთიერთსარგებლობის პროგრამის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია და ქვეყანაში თანამშრომლობაზე დაფუძნებული მიდგომის გავრცელებას ემსახურება. სხვადასხვა ქვეყანასა და ბიზნესმიმართულებას შორის პარტნიორობის გაძლიერებით, პროგრამა კიდევ უფრო აახლოებს სოკარის ჯგუფის კომპანიებს, აუმჯობესებს საოპერაციო ეფექტიანობას და ხელს უწყობს სოკარის გლობალური ეკოსისტემის მდგრად განვითარებას.

















